საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანია.
"რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის მტკიცე პარტნიორობას და უაღრესად ნაყოფიერ თანამშრომლობას. ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ყველა ძირითადი მიმართულებით: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავება. ეს არის ყველა ის ძირითადი საკითხი, რა მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი ხელშესახები შედეგები". - თქვა დავით ზალკალიანმა.
მისი განცხადებით, აშშ-ის ფინანსური დახმარების კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ 2021 წელს საქართველო მიიღებს დახმარებას 132,025,000$-ის ოდენობით, ამასთან, არ არის ის დათქმა, რომელიც იყო ივლისის კანონპროექტში.
მასში ნათქვამი იყო, რომ ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა, შესაძლოა, შეჩერებულიყო იქამდე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.
მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტით 17-18 ნოემბერს ჩამოდის.
